სექტემბერში სიმულაციური ვაჭრობის მეხუთე ეტაპი გაიმართა
ბირჟისა და საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ერთობლივი სიმულაციური ვაჭრობის მეხუთე ეტაპის ფარგლებში 2021 წლის 9-15 სექტემბერს გაიმართა სატესტო ვაჭრობა დღით ადრე ბაზარზე. სატესტო ვაჭრობაში მონაწილეობას იღებდა 40-მდე კომპანია, რომლებიც შვიდი დღის განმავლობაში, ყოველდღიურად ვაჭრობდნენ დღით ადრე ბაზარზე.
დაგეგმილი სატესტო ვაჭრობის დეტალების, ასევე, წინა ვაჭრობების შედეგების გაცნობის მიზნით სატესტო ვაჭრობის მონაწილეებთან გაიმართა ონლაინ შეხვედრა. შეხვედრაზე მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა როგორც ბირჟის, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორმა.
ვაჭრობის უკეთ დაგეგმვისა და მონაწილეობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, მონაწილეებს ყოველდღიურად ეგზავნებოდათ ვაჭრობის შედეგები, მათ შორის აგრეგირებული მოთხოვნა-მიწოდების მრუდები.
სატესტო ვაჭრობის ამ ეტაპზე ყველა მონაწილეს გააქტიურებული ჰქონდა წვდომა სავაჭრო პლატფორმის კლირინგისა და ანგარიშსწორების სისტემაზე, სადაც რეალურ დროში აკვირდებოდნენ მათი ვაჭრობის ფინანსურ შედეგებსა (მათ შორის იღებდნენ ინვოისებს) და მიმდინარე სავაჭრო ლიმიტებს. ასევე გაიტესტა და მონაწილეებს გაეცნოთ სავაჭრო ლიმიტების მოდული, კერძოდ სავაჭრო ლიმიტების განსაზღვრის მიზნით, მონაწილეები ბირჟის ოპერატორს წარუდგენდნენ ინფორმაციას გარანტიის მათთვის სასურველი ოდენობის შესახებ, რომელიც აისახებოდა კლირინგისა და ანგარიშსწორების სისტემაში.
შედეგად, სატესტო ვაჭრობის ამ ეტაპზე მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა გამოეცადათ ბირჟაზე ვაჭრობის სრული ციკლი - გარანტიის წარდგენიდან ინვოისის მიღების ჩათვლით, მონაწილეებისთვის ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე
ვაჭრობა განსაკუთრებული ხარვეზების გარეშე წარიმართა. სავაჭრო პლატფორმაზე განაცხადების მიღება და დამუშავება, ასევე ნომინაციების მიწოდება საბალანსო და დამხმარე ბაზრის ოპერატორისთვის შეუფერხებლად განხორციელდა. თითქმის ყველა მონაწილე, ოპერატორის დახმარების გარეშე, ათავსებდა განაცხადს ტექნიკური შეცდომების გარეშე.
სატესტო ვაჭრობისას მონაწილეები აგრძელებდნენ სავაჭრო სტრატეგიების დატესტვას. იმის გათვალისწინებით, რომ სატესტო ვაჭრობაში არ მონაწილეობდა წარმოებისა და მოხმარების სრული სიმძლავრე, სატესტო ვაჭრობისას მიღებული შედეგები არ არის სანდო ინდიკატორი რეალური ბაზრის შედეგების პროგნოზირებისთვის.
შეგახსენებთ, რომ ბირჟისა და საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ერთობლივი სატესტო ვაჭრობები, წინასწარ გაწერილი გეგმის შესაბამისად, ხორციელდება 2021 წლის აპრილიდან. სატესტო ვაჭრობებში მონაწილეობის მიზნით მსურველებმა უნდა მიმართონ შესაბამისი ბაზრის ოპერატორებს. სატესტო ვაჭრობებში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორის მიერ რეგისტრირებულნი არიან დაბალანსების ჯგუფში.