< სენბი

სიახლეები

2022 წლის 1 სექტემბრამდე განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებები

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2022 წლის  28 თებერვლის #5 დადგენილებით ცვლილებები შეიტანა  „ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის №58 დადგენილებაში.         

შეგახსენებთ, რომ დადგენილება განსაზღვრავს ელექტროენერგიის სექტორში, მათ შორის, ელექტროენერგიის საბითუმო და საცალო ბაზრებზე განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების შინაარსს, ფორმას, ამ ღონისძიებების განხორციელების ვადებსა და პასუხისმგებელ სუბიექტებს. დადგენილება მოიცავს გარდამავალ ღონისძიებებს, რომლის განხორციელების ვალდებულება დაკისრებული აქვთ:

  • დღით ადრე და დღიური ბაზრის (ბირჟის) ოპერატორს
  • საბალანსო და დამხმარე მომასახურებების ბაზის ოპერატორს
  • სისტემის ოპერატორებს
  • საჯარო მომსახურების გამწევ ელექტროენერგეტიკულ საწარმოებს

2022 წლის 1  სექტემბრიდან  დღით ადრე ბაზრის ოპერირების დაწყების მიზნით საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის (სენბის) და ელექტროენერგეტიკული საწარმოების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები

სენბი ვალდებულია:

  • 2021 წლის პირველი აპრილიდან შესაბამისი ბაზრის ამოქმედების კონცეფციით გათვალისწინებულ თარიღამდე პერიოდში, დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაწილის სავაჭრო წარმომადგენლის კვალიფიკაციის შეფასების მიზნით, უზრუნველყოს ბირჟაზე ვაჭრობაში გამოცდის ჩატარება, სულ მცირე, სამ თვეში ერთხელ მაინც. თითოეული გამოცდის ჩატარების ზუსტი თარიღი ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორის ვებგვერდზე უნდა გამოქვეყნდეს წინასწარ, გამოცდის ჩატარებამდე არანაკლებ ერთი კვირით ადრე უზრუნველყოს დღით ადრე ბაზრის მონაწილეთა რეგისტრაცია შესაბამის რეესტრში და  საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს მონაწილეთა სია და მათი საიდენტიფიკაციო კოდები;
  • არაუგვიანეს დღიური ბაზრის ამოქმედების კონცეფციით გათვალისწინებულ თარიღამდე კომისიაში წარმოადგინოს და საკუთარ ვებგვერდზე განათავსოს დღიური ბაზრის პლატფორმის გამოყენების ინსტრუქცია

სენბი არ არის უფლებამოსილი:

2022 წლის 24 აგვისტომდე მონაწილეს მოსთხოვოს:

o   გადახდისუნარიანობაზე ინფორმაციის მიწოდება;

o   მონაწილედ რეგისტრაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.

ელექტროენერგეტიკულ საწარმოთა ვალდებულებები

ს ელექტროენერგეტიკული საწარმოები, რომელთაც, კონცეფციის შესაბამისად, ეკისრებათ დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის ვალდებულება, ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორთან 2022 წლის პირველ აგვისტომდე უნდა დარეგისტრირდნენ დღით ადრე ბაზრის მონაწილეებად, დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების მე-12 მუხლის შესაბამისად.

დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის პირველი დღე

o   2022 წლის პირველ სექტემბერს ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების უზრუნველყოფისთვის, ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზარზე ელექტრონერგიით ვაჭრობა განხორციელდეს 2022 წლის 31 აგვისტოს, დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების შესაბამისად.

o   ის ელექტროენერგეტიკული საწარმოები, რომელთაც, კონცეფციის შესაბამისად, ეკისრებათ დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის ვალდებულება, ვალდებული არიან, არაუგვიანეს 2022 წლის 31 აგვისტოსი, 2022 წლის პირველი სექტემბრის ფიზიკური მიწოდების პერიოდისათვის, უზრუნველყონ ელექტროენერგიის ყიდვაზე ან გაყიდვაზე განაცხადების წარდგენა დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების მოთხოვნების შესაბამისად.