< სენბი

სიახლეები

2021 წლის 1 იანვრამდე განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებები

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2021 წლის  24 ივნისს #16 დადგენილებით ცვლილებები შეიტანა  „ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის №58 დადგენილებაში 

შეგახსენებთ, რომ დადგენილება განსაზღვრავს ელექტროენერგიის სექტორში, მათ შორის, ელექტროენერგიის საბითუმო და საცალო ბაზრებზე განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების შინაარსს, ფორმას, ამ ღონისძიებების განხორციელების ვადებსა და პასუხისმგებელ სუბიექტებს. დადგენილება მოიცავს გარდამავალ ღონისძიებებს, რომლის განხორციელების ვალდებულება დაკისრებული აქვთ:

  • დღით ადრე და დღიური ბაზრის (ბირჟის) ოპერატორს
  • საბალანსო და დამხმარე მომასახურებების ბაზის ოპერატორს
  • სისტემის ოპერატორებს
  • საჯარო მომსახურების გამწევ ელექტროენერგეტიკულ საწარმოებს

2022 წლის 1 იანვრიდან დღით ადრე ბაზრის ოპერირების დაწყების მიზნით საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის (სენბის) და ელექტროენერგეტიკული საწარმოების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები

სენბი ვალდებულია:

  • 2021 წლის პირველი აპრილიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში, მონაწილის სავაჭრო წარმომადგენლის კვალიფიკაციის შეფასების მიზნით, უზრუნველყოს ბირჟაზე ვაჭრობაში გამოცდის ჩატარება, სულ მცირე, სამ თვეში ერთხელ მაინც. თითოეული გამოცდის ჩატარების ზუსტი თარიღი ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორის ვებგვერდზე უნდა გამოქვეყნდეს წინასწარ, გამოცდის ჩატარებამდე არანაკლებ ერთი კვირით ადრე;
  • უზრუნველყოს დღით ადრე ბაზრის მონაწილეთა რეგისტრაცია შესაბამის რეესტრში და  საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს მონაწილეთა სია და მათი საიდენტიფიკაციო კოდები;

სენბი არ არის უფლებამოსილი:

  • 2021 წლის 24 დეკემბრამდე მოსთხოვოს მონაწილეს დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების 54-ე მუხლის შესაბამისად გადახდისუნარიანობაზე ინფორმაციის მიწოდება;
  • 2021 წლის 31 დეკემბრამდე   მოსთხოვოს მონაწილეს დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაწილედ რეგისტრაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.

ელექტროენერგეტიკულ საწარმოთა ვალდებულებები:

  • ის ელექტროენერგეტიკული საწარმოები, რომელთაც, კონცეფციის შესაბამისად, ეკისრებათ დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის ვალდებულება, ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორთან 2021 წლის 17 დეკემბრამდე უნდა დარეგისტრირდნენ დღით ადრე  ბაზრის მონაწილეებად, დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების მე-12 მუხლის შესაბამისად;
  •  ზემოაღნიშნული საწარმოები ვალდებული არიან, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების მე-3 თავით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, არაუგვიანეს 2021 წლის პირველი ოქტომბრისა მიმართონ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს (ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატს) დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად ან დაბალანსების ჯგუფის წევრად რეგისტრაციის მიზნით, ხოლო ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი (ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატი) ვალდებულია, დაადასტუროს კანდიდატის კვალიფიკაცია და დაასრულოს სარეგისტრაციო პროცედურა საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების მე-12-მე-14 მუხლებით განსაზღვრულ ვადებში.

 დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის პირველი დღე:

  • 2022 წლის პირველ იანვარს ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების უზრუნველყოფისთვის, ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზარზე ელექტრონერგიით ვაჭრობა განხორციელდეს 2021 წლის 31 დეკემბერს, დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების შესაბამისად;
  • ის ელექტროენერგეტიკული საწარმოები, რომელთაც, კონცეფციის შესაბამისად, ეკისრებათ დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის ვალდებულება, ვალდებული არიან, არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრისა უზრუნველყონ  ელექტროენერგიის ყიდვაზე ან გაყიდვაზე განაცხადების წარდგენა დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების მოთხოვნების შესაბამისად;
  • პირველ დღეს ვაჭრობის უზრუნველყოფისთვის, ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორი ვალდებულია, უზრუნველყოს დღით ადრე და დღიური ბაზრების წესებითა და გარდამავალი დებულებების შესახებ კომისიის დადგენილებით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი ღონისძიების, მათ შორის,  გარანტიასთან დაკავშირებული ღონისძიებების, განხორციელება.

 

 


გარდამავალი ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: mail@genex.ge, ან დაგეგმეთ ონლაინ შეხვედრა პლატფორმის მეშვეობით