დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის პირველი დღე
ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი
2024 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი, რომელიც ითვალისწინებს დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე საათობრივი პროდუქტებით ვაჭრობის შესაძლებლობას, საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობის არსებული მოდელის ფარგლებში.
სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა“ (სენბი) დღით ადრე და დღიურ ბაზრების ოპერირებას ახდენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული „დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების“ (ბაზრის წესები) შესაბამისად.
ვაჭრობის პირველი დღე
2024 წლის 1 ივლისს ვაჭრობისათვის (2024 წლის 2 ივლისის ფიზიკური მიწოდების დღისთვის) რეგისტრირებული იყოს ოთხი მონაწილე, რომელთაც შესაძლებლობა ჰქონდათ განეთავსებინათ ელექტროენერგიის ყიდვის/გაყიდვის განაცხადები დღით ადრე ბაზარზე. რეგისტრირებული მონაწილეების სია, ბაზრის წესების შესაბამისად, გამოქვეყნებულია სენბის ვებგვერდზე.
ბაზრის წესების შესაბამისად, ასევე ქვეყნდება სენბის ვებგვერდზე ვაჭრობის შედეგები. გამოქვეყნებული ინფორმაცია მოიცავს მოთხოვნისა და მიწოდების აგრეგირებულ მრუდებს, რაზე დაკვირვებითაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შეაფასონ, რა ოდენობით და რა ფასად იყო ელექტროენერგიით ვაჭრობის მზადყოფნა კონკრეტულ საათში.
რეგისტრირებულმა მონაწილეებმა განათავსეს შესაბამისი განაცხადები. მიუხედავად იმისა, რომ მიწოდების დღის ყოველი საათისთვის არსებობდა მზადყოფნა ელექტროენერგიის როგორც ყიდვაზე, ასევე გაყიდვაზე, ვაჭრობა არ შედგა, რადგან ელექტროენერგიის გამყიდველების მიერ შეთავაზებული ფასი იყო უფრო მაღალი, ვიდრე მყიდველების გადახდაზე მზადყოფნა.
ნახაზზე მოცემულია 2024 წლის 2 ივლისის 18:00-19:00 პერიოდში ელექტროენერგიის აგრეგირებული ყიდვისა და გაყიდვის განაცხადები. ნახაზიდან ჩანს, რომ ელექტროენერგია ხელმისაწვდომი იყო 140.51 ლარი/მგვტ.სთ (14.051 თეთრი/კვტ.სთ) ფასად, ხოლო მყიდველი მზად იყოს გადაეხადა არაუმეტეს 122.75 ლარი/მგვტ.სთ (12.275 თეთრი/კვტ.სთ). მსგავსი სურათი იყო სხვა საათებისთვის.
რა განსაზღვრავს განაცხადის ფასს?
ბაზრის გარდამავალ მოდელში, მონაწილეს აქვს შესაძლებლობა, ელექტროენერგია, რომელიც ვერ იყიდა/გაყიდა ბირჟაზე, იყიდოს/გაყიდოს ორმხრივი ხელშეკრულებით (ან როგორც საბალანსო ელექტროენერგია), მომავალ პერიოდში. შესაბამისად, განაცხადის ფასი (რა ფასადაც აცხადებს მზადყოფნას ყიდვაზე ან გაყიდვაზე) ასახავს ამ შესაძლებლობას. რადგან ბირჟაზე ვაჭრობა მონაწილისთვის უნდა იყოს ფინანსურად მომგებიანი, იგი მზადაა, გაყიდოს/იყიდოს იმაზე ძვირად/იაფად, ვიდრე ეს შეუძლია ორმხრივი ხელშეკრულებით (ან როგორც საბალანსო ელექტროენერგია).